tsvara
 
ვაჟა ქუთათელაძე - 70
 ქართული საიუველირო საქმის დიდოსტატი, მხატვარი,მოქანდაკე  და გრაფიკოსი ვაჟა ქუთათელაძე, ერთი შეხედვით საოცნებო რესპოდენტია : იგი დიდი ენთუზიაზმით  გაგესაუბრებათ სხვადასხვა  ეგზისტენციალურ საკითხზე, მოგიყვებათ სხვა ადამიანების სახელოვან ისტორიებს,ისაუბრებს მხატვრობაზე, ხელოვნების არსსა და დანიშნულებაზე, სამშობლოზე...მაგრამ თემა, რომელსაც აუცილებლად  აარიდებს თავს - საკუთარი შემოქმედებითი მიღწევებია.  “რაც გავაკეთე , გავაკეთე და ჩაიარა...არ მიყვარს უკვე დასრულებულ საქმეებზე საუბარი: აი, მე ეს შევქმენი და ის გავაკეთე - ასეთი საუბარი არ არის ჩემი საქმე. არ დამიჯერებთ და წლებიც კი არ მახსოვს ჩემი ბიორგაფიიდან, თუ  რა დროს რა მოვლენა მოხდა. ჩემი ბუნება ასეთია, გავაკეთებ  რაც გასაკეთებელია და ვივიწყებ. იქ უკვე ხომ ვიყავი,არა? იმ მომენტში უკვე  ვიცხოვრე და მორჩა. ჩემთვის საუკეთესო მდგომარეობაა  შემოქმედებითი წინსწრაფვა და წინხედვა, ყოველთვის გასაკეთებელ საქმეებზე ვფიქრობ...” -  სწორედ ამგვარი უნიკალური მსოფლმხედველობით ეგებება  70 წლის იუბილეს ვაჟა ქუთათელაძე: უამრავი საერთაშორისო  და საკავშირო გამოფენის მონაწილე და პრიზიორი, პარიზისა და იაპონიის საიმპერატორო  მუზეუმების მიწვეული არტისტი, არაერთი ბარელიეფისა და ისტორიული მნიშვნელობის გორელიეფის შემქმნელი, მრავალი პუბლიკაციის ილუსტრაციის ავტორი, ქართული საიუველირო კომპანია “ცვარას” იდეური ბირთვი და უწყვეტი შემოქმედებითი განვითარების გასაოცარი მაგალითი. მცდელობის მიუხედავად,ინტერვიუში საკუთარ თავზე  საუბრისთვის როგორმე თავი აერიდებინა, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაინც შევძელით და დავითანხმეთ - თავისსავე შემოქმდებით სახელოსნოში სულ რაღაც 25 წუთით  მოვწყვიტეთ სამუშაო მაგიდას. მეტალის დასამუშავებელი ხელსაწყოები გვერდით გადადო, სამუშაო ესკიზის წიგნაკი დახურა, სათვალე მოიხსნა და ინტერვიუც დავიწყეთ :  ავტ: - ბატონო ვაჟა,მოგვიყევით როგორი ბავშვი იყავით,თავიდანვე იყო თუარა შესამჩნევი თქვენი შემოქმედებითი  ნიჭი? -  წყნარი და მშვიდი ბავშვი ვიყავი,თუმცა ხის გათლა, ქვის გაჭრა, ლურსმნების მიჭედებ-მოჭედება და ასეთი რაღაცეები პატარაობიდანვე მეხერხებოდა.  ჩემი შემოქმედებითი ნიჭი, ყველაზე აშკარად ალბათ მაშინ გამოვლინდა როცა 6 წლის ასაკში ქვის ნატეხისგან ადამიანის სახე გამოვთალე.ეს ქვა უბრალოდ ეზოში ეგდო და უცებ  მომეწონა როგორც დასამუშავებელი მასალა… კარგად მახსოვს ის დღე, თუმცა რომ მკითხოთ ახლა როგორ მოვახერხე  და რანაირად გამოვთალე იმ ასაკში  ქვის ნატეხისგან ადამიანის სახე - ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ(იღიმის). დაახლოებით 7 წლის ასაკში დავიწყე ხატვაზე სიარულიც. მშობლებიც არაფერში მიშლიდნენ ხელს, მხარს უჭერდნენ ჩემს შემოქმედებით ინტერესებს.ამ ასაკიდან უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. შემდეგ იყო ქუთაისის  პიონერთა სასახლე, სადაც გემთმშენებლობასაც კი ვსწავლობდი ( ჩაფიქრდა). იმის მიუხედავად,რომ ფერწერაზეც ვმუშაოდი,ნატურმორტებზეც და სხვა მიმართულებებზეც, ყველაზე მეტად მაინც ჭედურობით ვიყავი გატაცებული.მეტალზე მუშაობა განსაკუთრებით მხიბლავდა და მომწონდა.   ავტ: -   ბატონო ვაჟა, მოგვიყევით სამხატვრო აკადემიაში სწავლის  პერიოდზე  -არ ვიცი ახლა როგორაა, თუმცა მაშინ სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. ჩავედი თბილისში და მომზადება დავიწყე არაჩვეულებრივ  მხატვართან, ხიტა ქუთათელაძესთან (რედაქტორისგან: გურამ (ხიტა) ქუთათელაძე - ქართველი ფერმწერი, დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1924-1979) და ეს ყველაფერი ხდებოდა თენგიზ გიგაურის სახელოსნოში (რედაქტორისგან:  თენგიზ,თეიმურაზ გიგაური - ქართველი მოქანდაკე და დამსახურებული მხატვარი.  1933 -2009). თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ  პირველ წელს მაინც ვერ მოვხვდი, ის ფაქტიც კი ვერ დამეხმარა, რომ აკადემიის რექტორიც  ჩემი მოგვარე,დიდებული აპოლონ ქუთათელაძე იყო (იცინის). მეორე წელიწადს მარტივად ჩავაბარე, ძალიან გულმოდგინედ ვემზადებოდი (ისევ იცინის). აკადემიაში სწავლის პერიოდი განსაკუთრებით თბილად მახსენდება, ჩემი კურსელები უაღრესად საინტერესო ადამიანები იყვენენ, ერთმანეთს შთავაგონებდით, ვამხნევებდით, მხარს ვუჭერდით, გვყავდა შესანიშნავი ლექტორები, ბევრ რამეს ვმადლობ მათ.    ავტ: -  ბატონო ვაჟა, თქვენ ბრძანდებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კერამიკული პანოს, გორელიეფ “კოლხეთის” თანაავტორი. გორელიეფი  ქუთაისს ათწლეულებია ამშვენებს და უკვე  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის  საპატიო სტატუსსაც ატარებს. ორიოდე სიტყვით ამ მონუმენტურ ნამუშევარზეც გვიამბეთ.   - ამ გორელიეფის  სახელწოდება თავდაპირველად იყო “ ჩემი ხალხი” და არა “კოლხეთი” ( იღიმის). მე თავს არ მივიჩნევ თანაავტორად. დიახ, ოფიციალურად კი  ვიწოდები თანაავტორად,მაგრამ  ასე ვერ ვიტყოდი მაინც. მე მერგო პატივი და დავასრულე ჩემი ძვირფასი მეგობრისა და უნიჭიერესი არტისტის, ბერნარდ ნებიერიძის დაწყებული საქმე, მისი გარდაცვალების შემდეგ. (რედაქტორისგან: ბერნარდ ნებიერიძე, გამოჩენილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე 1982 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი  საავტორო პროექტი გორელიეფი “კოლხეთი”   ვაჟა ქუთათელაძემ  გააგრძელა და დაასრულა თემურ ჟორჟოლიანთან ერთად).  ავტ: - ბატონო ვაჟა , ვიცით რომ გორელიეფ "კოლხეთზე" მუშაობა დიდი შემოქმედებითი გამოწვევა იყო,  როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს? - რასაკვირველია, ასეთი მასშტაბის გორელიეფზე მუშაობა მოითხოვს კოლოსალურ შესაძლებლობებს,დიდ პროფესიონალიზმს და სამუშაობის ინტენსივობის დაძლევის პოტენციალს. ენით აღუწერელი შრომა გავწიეთ და გადავჭერით უაღრესად რთული ამოცანები. წარმოიდგინეთ, ამ ზომების პანოს კერამიკულ თიხაში გამოძერწვა, მერე გამოწვა და ბოლოს მონტაჟი. მონტაჟის პერიოდს ჩემი ცხოვრების ურთულეს ეტაპად დავასახელებდი, თუმცა პირნათლად გავართვი თავი ამ მოვალეობას (მორცხვად იღიმის). ავტ: - ბატონო ვაჟა, თავს ვერ ავარიდებთ უძველესი ქართული საიუველირო კულტურისადმი თქვენს ინტერესებზე საუბარს. თქვენ სრულიად დამოუკიდებელი კვლევებით, პირადი ცდებით და ექსპერიმენტებით საკუთარ სახელოსნოში აღადგინეთ ცვარნამით სამკაულის გამშვენების ანტიკური ტექნოლოგია და გამოყენებით პრაქტიკაში გახადეთ ხელშესახები ეს კულტურული მემკვიდრობა. ასევე  შეისწავლეთ და მიაღწიეთ ვიტრაჟულ მინანქარზე მუშაობის სრულყოფილ დონეს, დაეუფლეთ ფილიგრანის შექმნის ხელოვნებას.როდის დაიწყო ამ მიმართულებით თქვენი შემოქმედებითი განვითარება?  - მხატვარი უნდა იყოს პირველ რიგში ექსპერიმენტატორი...მე არასოდეს მაკმაყოფილებლდა ჩემს მიერ უკვე გაკეთებული, უკვე აღმოჩენილი. 80 - იან წლებში დავინტერესდი ქართული საიუველირო კულტურის უძველესი ნიმუშებით. დიდი დრო მაქვს გატარებული მუზეუმში ექსპონატებთან და თითოეულ დეტალს ვსწავლობდი, საათობით ვიჯექი ბიბლიოთეკაში და თეორიულ მასალას განვიხილავდი… მერე დავიწყე ცდები, მუდმივი ცდები და ექსპერიმენტები.მოგვიანებით  სამკაულში გადმოვიტანე და გავაერთიანე მხატვრული ფორმები,ზომები, ტექნოლოგიები, ფერები, მასშტაბები და მინიატურები, მონუმენტურობაც და მინიმალიზმიც.დღესაც ვვითარდები, ვეძებ, ახალს ვესწრაფვი… როდესაც მგონია რომ რაღაც კონკრეტულ  ზღვარს მივაღწიე შესაძლებლობების, უცებ ახალი ფანჯარა იხსნება  და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ხელოვნებაში არ არსებობს განვითარების  ზღვარი.  ავტ: - ბატონო ვაჟა, თქვენს  მიღწევებს საიუველირო საქმეში თქვენი ვაჟებიც დიდი პასუხისმგებლობით  მოეკიდნენ, შექმნეს ქართული წარმოება, კომპანია დააფუძნეს, სილამაზის უამრავი მოყვარულისათვის ხელმისაწვდომი გახადეს ქართული  სამკაულის არაჩვეულებრივი ნიმუშები.  რას იტყოდით თქვენს შვილებზე?  - ჩემი ვაჟების იმედი ყოველთვის მაქვს,პროფესიით თვითონაც მხატვრები არიან და დიდი სიყვარული აქვთ ამ საქმის მიმართ. მე ვიცი, რომ მხოლოდ საქმისადმი სიყვარულს შეუძლია რეალური შედეგების მოტანა.მხოლოდ წინსწრაფვას აქვს აზრი შემოქმედებაში, სხვა ყველაფერი ერთი ადგილის ტკეპნაა. ზუსტად წინსწრაფვის ძალით შეიქმნა "ცვარას" სამკაულის  ხაზის წარმოების სისტემაც და ეს მთლიანად ჩემი შვილების დამსახურებაა. რომ არა ჩემი ვაჟები და მათი ექსპერიმენტატორული ბუნება, ახლა ბევრი რამე ისე არ იქნებოდა როგორც არის.. მათი ინტერესი ჩემი სტიმულია, ბევრ საკითხში შთამაგონებენ და მათგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ, მხოლოდ მე არ ვარ მათი მასწავლებელი (იღიმის). ავტ: - ბატონო ვაჟა, ბოლო შეკითხვაც და ამით დავასრულოთ . თქვენ, 70 წლის გახდით, ეს არც ცოტაა და არც ბევრი,თუმცა ამ წლების მანძილზე საქართვლოს უახლესი ისტორიის არაერთი ქარტეხილი პირადად ნახეთ, გამოსცადეთ და განიცადეთ. რას ისურვებდით ახლა, როგორი ქვეყანა გსურთ რომ ჰქონდეს თქვენს შვილებს, შვილიშვილებს და მომავალ თაობებს? - ჩვენ უძველესი კულტურის ერი ვართ,განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგეტიკისა და უნიკალური ხასიათის მქონე ერი. ეს ყველაფერი ისევ  ჩვენშია. ჩვენ ისევ ის  ვართ, იმ ხალხის გენეტიკური გამგრძელებლები, ვინც უდიდესი კულტურა შექმნა, მაგრამ ახლა ჩვენი შესაძლებლობები მიძინებულია. მე ვისურვებდი, რომ ეს შესაძლებლობები სწორი ნაპერწკლებით გაღვივდეს, აფეთქდეს, გაბრწყინდეს და გადმოვიდეს ჩვენგან, იკაშკაშოს, რეალიზებულ იქნეს, გაუნათოს გზა მომავალ თაობებს… ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასე გადარჩება ერის მომავალიც და მისი ავთენტურობაც.    

სტატიის ავტორი:
აგათა
2021-09-22

სრულად ნახვა
 
ნათლობის დღის ზარდახშა - ყველაზე გონივრული არჩევანი მომავალი ნათლიებისათვის
 ნათლობის დღე, მორწმუნეთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია. ნათლობის საიდუმლო კი  იმ საიდუმლოთაგანია, რომელსაც ვერც -ერთი მატერიალური ნივთი  თავისი მნიშვნელობით ვერასოდეს გაუტოლდება. თუმცა,  ნათლობის  ჯვარს, როგორც  ნათლობის დღის განუყოფელ ნაწილს, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მაღალი სიმბოლური დანიშნულება გააჩნია და მისი სწორად შერჩევა ხშირ შემთხვევაში რთული გამოწვევაა  ნათლიებისათვის. არადა ჩვენ, ნათლიები, ჩვენი მომავალი  ნათლულებისადმი საუკეთესო ზრახვებით ყოველთვის ვეძებთ გამორჩეულ ჯვარს - ეს ხომ ჩვენი გულწრფელი სურვილია? მაგრამ აბა დაფიქრდით, რამდენმა ჩვენგანმა შევძელით ამ საუკეთესო ზრახვის პრაქტიკაში განხორციელება? განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვნათლავთ 40 დღის პატარას, ჯვრის არჩევისას უამრავ დეტალზე გვჭირდება ფიქრი იმისათვის, რომ ნათლულმა უსაფრთხოდ შეძლოს მისი ტარება ჩვილობის, მოზრდილობისა თუ ზრდასრულობის ასაკში.ამ კომპლექსურ  მოთხოვნებს კი, ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებული არჩევანი.  დილემათა მთელი რიგი ასე გამოიყურება: “როგორი ჯვარი შევიძინოთ?  “სად შევიძინოთ?” “როგორი დიზაინი   ავირჩიოთ?”  ”ვის დავუკავშირდეთ?” -”როგორ შევფუთოთ? -”სასაჩუქრე სჭირდება? “   “აი უცებ, ორ  დღეში მჭირდება და როგორ მოვიქცე?” - ‘’ და ხარისხის გარანტია?”      კომპანია "ცვარამ" საკითხის გარშემო არსებულ  ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ  საჭიროებასა და მოლოდონს, ასევე იმ პოტენციურ სურვილებსაც კი, რაზეც მომავალ ნათლიებს ჯერ  არ უფიქრიათ, “ნათლობის ზარდახშის”  ინოვაციური პროექტით უპასუხა.     ნათლობის ზარდახშა - ფორმის თვალსაზრისით უსაფრთხო,  დიზაინით  მშვენიერი, შემადგენლობით უნივერსალური  ნაკრებია ნათლობის დღისათვის და  ორიენტირებულია  იმ იდეაზე, რომ  რამდენიმე ნათლიის ზრუნვა, დრო  და ბიუჯეტი ერთი ნათლობის დღისა და   საერთო ნათლულის გარშემო გააერთიანოს. რასაკვირველია, ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ნათლიამ, დამოუკიდებლად  შეიძინოს აღნიშნული ზარდახშა.ნათლობის  დღისათვის განკუთვნილ ამ ნაკრებს, თავისი შინაარსის სიზუსტით, პრაქტიკულობით, კომპლექსურობითა და იდეის ინოვაციურობით ჯერ-ჯერობით ანალოგი არ ჰყავს ქართულ სამეწარმეო ბაზარზე.     ნათლობის ზარდახშაში წარმოდგენილი ნაკრები შემდეგი კომპლექსურობით წარმოგვიდგება:   “ნათლობის ზარდახშა ოქროს ჯვრით” და “ ნათლობის ზარდახშა ვერცხლის ჯვრით”   ოქროს ჯვრის ზარდახშას შემდეგი შემადგენლობა აქვს :  ▪︎ ოქროს მთავარი ჯვარი - ორი დიზაინის სეგმენტაციით / გოგონებისა და ვაჟებისათვის  ცალ-ცალკე დიზაინია განსაზღვრული.  მეტალი - ოქრო 750 სინჯი. ზომა - 2.3. სმ.   წონა - 1.5. გრ.   მაღალი სინჯის ოქროს მთავარ ჯვარს მინანქრის ორი ფერი ამშვენებს : ვაჟებისათვის მუქი ლურჯი, გოგონებისათვის კი შინდისფერი. მთავარი ჯვარი  შემკულია ცვარნამის ტექნიკით და ცვარას ოქროს ბურთები გასდევს როგორც რელიეფის კიდეთა კონტურზე, ასევე ცენტრში ქმნის კიდევ ერთ შიდა ჯვარს. ვერცხლის ჯვრის ზარდახშაში შედის: ვერცხლის  მთავარი ჯვარი - ორი დიზაინის სეგმენტაციით / გოგონებისა და ვაჟებისათვის  ცალ-ცალკე დიზაინია განსაზღვრული  მეტალის სინჯი - 925, ვერცხლი.  ზომა - 2.3. სმ.   წონა - 1.5. გრ.   მაღალი სინჯის ვერცხლის  მთავარ ჯვარს მინანქრის ორი ფერი ამშვენებს : ვაჟებისათვის მუქი ლურჯი, გოგონებისათვის კი მეწამული.    ვერცხლის მთავარი ჯვარი ასევე შემკულია ცვარნამის ტექნიკით და ცვარას ვერცხლის ბურთები გასდევს როგორც რელიეფის კიდეთა კონტურზე, ასევე ცენტრში ქმნის კიდევ ერთ "შიდა ჯვარს". ■ ზარდახშის შემადგენლობაშია და  მასში განთავსებულ   მთავარ ჯვრებს (ვერცხლსაც და ოქროსაც) ასევე მოჰყვება ჩვილობისას სატარებელი ჯვარი : მინიატურა - 925 სინჯის ვერცხლში. “სატარებელი ჯვარი” გამშვენებულია ცვარნამით და წარმოადგენს ჩვილებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო დიზაინის მშვენიერ მაგალითს - მისი ყველა კუთხე არის ოვალური და ზედმიწევნით  დამუშავებული, რაც გამორიცხავს ბავშვის ნაზი კანის დაზიანებას, ან გაკაწვრას. ჯვარს მოჰყვება გამძლე ფაქტურის თოკი, რომლის მოგლეჯასაც პატარა ვერ შეძლებს შემთხვევითობის პრინციპით და ამით, ნათლობის სატარებელი ჯვრის დაკარგვის ალბათობასაც გამოვრიცხავთ.  ნათლობის ორივე  ნაკრები  (ოქროს და ვერცხლის)  მოთავსებულია  სპეციალურად ნათლობის დღისათვის შექმნილ ხის  ზარდახშაში :    ზარდახშის შიგთავსი გადაწყვეტილია ხის ბუნებრივი ფერისა და მეწამული ფერის ნაზავში; კომფორტულად  იხურება და იღება ზარდახშის შიდა რელიეფში დამონტაჟებული მცირე ზომის  უხილავი მაგნიტებისა და გარეთა რელიეფზე დამონტაჟებული ოქროსფერი ჭანჭიკების  საშუალებით. ზარდახშის ხის ბუდეები ზუსტად იმეორებენ ჯვრებისა და მასზე დახვეული თოკების ფორმას. ზარდახშის ზედა ნაწილზე ამოტვიფრულია ნათლობის თარიღი, ნათლულის სახელი და გვარი. ზარდახშის ქვედა რელიეფზე ამოტვიფრულია ნათლიის/ ნათლიების  სახელ-გვარები.    ზარდახშის მშვენერი,  მინიმალისტურად დახვეწილი დიზაინი, მისი შიგთავსის კლასიკური იერსახე  და  ზედმიწევნით პრაქტიკული ფორმა, გვიქმნის   სრულყოფილი ერთიანობის განცდას  და თავიდან გვარიდებს უამრავ უხერხულ ფიქრს იმასთან დაკავშირებით - მოეწონებათ თუ არა ჩვენი ნათლობის ჯვარი? ატარებენ თუ არა ჩვენს ნაჩუქარ ჯვარს ჩვენი ნათლულები? ან   როგორ გადავცეთ ჯვარი? რა ფორმით მივიტანოთ , როგორ გავუსვათ ხაზი მას, რომ განსაკუთრებულად ვიფიქრეთ ნათლობის დღეზე?   დღეიდან,  “ნათლობის დღის  ზარდახშა”  ყველა მომავალ  ნათლიას გაუმარტივებს   ჯვრის არჩევასთან დაკავშრებული მნიშვნელოვანი გადაწყეტილების მიღების პროცესს  და ნათლობის თარიღს აქცევს   ნათლულისადმი გამოხატული  განსაკუთრებული ზრუნვის შთამბეჭდავ დასაწყისად.      

სტატიის ავტორი:
აგათა
2020-11-06

სრულად ნახვა
 
მითები და ზღაპრები საოქრომჭედლო არტეფაქტების კვალდაკვალ
უძველესი მითოლოგიები, ხალხური გადმოცემები, ძველბერძენი მთხრობელები - ეს იმ წყაროთა ჩამონათვალია, სადაც უხვად ვხვდებით ხატოვან თუ დასაბუთებულ ამბებს ოქრომრავლი კოლხეთის შესახებ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ  უძველეს მეკალმეთა საყვარელი საქმიანობა კოლხეთისა და ოქროს საწმისის  ზღაპრული ამბების გარშემო  მრავალგვარი ვარიაციების შეთხზვაც კი გახლდათ, რადგან ძნელად  თუ იპოვნიდნენ ოქროს საწმისზე უკეთეს სიუჟეტს მსმენელთა მოსაზიდად. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კოლხური ოქროსა და მისი დნობის შესახებ ცნობებს ვხვდებით  აპიანეს, პლუტარქეს, ჰეროდოტეს, დიოდორე სიცილიელის წყაროებში, ხოლო ამ მოღვაწეთა კალამს მეზღაპრეობას ნამდვილად ვერ დავწამებთ.  როგორ მეცნიერები ადასტურებენ, საქართველოში გამოდნობილი ოქრო იგზავნებოდა შუმერებთან და მას დამწერლობის ნიმუშის შესაქმნელად იყენებდნენ. რაც შეეხება ქართველ ხელოსნებს, ისინი დიდოსტატურად  იყვნენ დაუფლებულნი იმ დროის მსოფლიო ოქრომჭედლობის თითქმის ყველა ხერხს: ნივთების შემკობა ზედ დაჩრჩილული ოქროს წვრილი ბურთულებით (ცვარა, გავარსი), გრეხილი, ანუ ფილიგრანული ოქროს მავთულებით, ძვირფასი თვლებით მეტალის გამშვენების ტექნიკას  და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში, ეგვიპტის პირამიდების პარალელურად, საქართველოში უკვე არსებობდა "თრიალეთის ყორღანული კულტურა", რომელიც აქტიურად ვითარდებოდა  ქვემო ქართლის (წალკისა და დმანისის რაიონები) ტერიტორიაზე და მიეკუთვნება ადრეული ბრინჯაოს ხანას.  სრულიად შოკისმომგვრელი გახლდათ არქეოლოგთა და მკვლევართათვის  თრიალეთის ერთ-ერთი სამარხის, (ზურტაკეტის სამარხი) მიგნება :   დიამეტრი 100 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი. ასევე, უშჩის სამარხის დასაკრძალავ დარბაზში, რომლის ფართობი 175 მეტრს აღწევს, აღმოჩენილია ოქროს შთამბეჭდავი ფრაგმენტები.არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ დარბაზის ხის სვეტები გარშემორტყმული ყოფილა ფურცლოვანი ოქროთი; სამარხებში დასვენებული მიცვალებული ესვენა ოთხთვალა ეტლზე და მასში, იარაღ-საჭურველთან ერთად ჩატანებული იყო უძვირფასესი სამკაულის ნიმუშები, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების სწორუპოვარ  ნიმუშებს მიეკუთვნება.  თრიალეთის ყორღანული კულტურის ნიმუშებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფერადი ქვებით მოჭედილი ოქროს თასი (ბარძიმი), რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. მეორე ათასწლეულით. იგი დამზადებულია სახარატო ჩარხზე, ოქროს მთლიანი ფურცლისაგან. თასი შესრულებულია ორმაგი კედლისაგან, რომელიც ძირისაკენ თანდათან ვიწროვდება. გარეთა კედელი შემკულია წვრილი და გრეხილი მავთულისაგან გაკეთებული სპირალებით, რომლებშიც ჩასმულია სარდიონის, ლაჟვარდის, წითელი იასპის და გიშრის მრგვალი თვლები.    ბარძიმზე შემოვლებულია თვლების რამდენიმე რიგი: ერთი რიგი მოთავსებულია სასმისის პირზე, ორი კი - ქუსლზე. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ოქროს ფირფიტებისაგან და ძვირფასი თვლებით შემკულ ოქროს ბარძიმს, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. მეორე ათასწლეულით, თავისი შესრულების ტექნოლოგიური სირთულეებითა და მხატვრული ფორმით, ანალოგი არ მოეძებნება იმ პერიოდის მსოფლიო ხელოვნებაში.      

სტატიის ავტორი:
აგათა
2020-11-04

სრულად ნახვა
 
საყურე - სასაფეთქლე უძველესი კოლხი ქალის მოკაზმულობიდან
#საყურესასაფეთქლე - უძველესი კოლხი ქალის მოკაზმულობიდან. ✍#ახალგორის განძში აღმოჩენილი ეს თვალწარმტაცი #სამკაული ძვ.წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით თარიღდება და მასში თავს იყრის კოლხურ-აქემენიდური საიუველირო ტრადიციები. #საყურე შედგება #ცვარა- თი გაფორმებული ცხენების #ფიგურებით და მცენარეულ-გეომეტრიული მოტივებით შემკული #ფირფიტებით. ახალგორის არქეოლოგიურ გათხრებში #აღმოჩენილი ეს ფასდაუდებელი #კულტურული განძიც უდაოდ წარჩინებული #ქალბატონის საკუთრება უნდა ყოფილიყო, რადგან არაცერთ სხვა ფენას არ შეეძლო ხელმისაწვდომად ჰქონოდა კოლხი #იუველირების ვირტუოზული ქმნილება. #კოლხ იუველირებს ამ ტიპის შედევრების შესაქმნელად ლამის ტრაგიკულად რთული გზის გავლა უწევდათ, რადგან ურთულესი იყო სამკაულში ცვარას ტექნიკის გამოყენება. #ცვარასხერხი ნიშნავს ნივთის შემკობას ზედ მირჩილული (შედუღებული) ოქროს ან ვერცხლის უწვრილესი ბურთულებით. მაგრამ, რადგან ბურთულაკების ფორმის შესანარჩუნებელად საჭირო მაღალი ტემპარატურის კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ოსტატებს უნდა მოეფიქრებინათ შემკობის განსაკუთრებული ტექნიკა, რათა მიეღოთ აბსოლიტურად სრულყოფილი და გამძლე ფორმა - ამიტომ ოსტატები ოქროსა და ვერცხლის ბურთულაკებს ვერცხლისწყლისგან მიღებულ წებოვან ხსნარში ამოავლებდნენ კიდევ უფრო მაღალი მდგრადობის მისაღწევად და ამგვარად ადუღებდნენ სამკაულზე. ეს საკმაოდ რთული და #სახიფათო შრომა იყო, რადგან წებოვანი ნივთიერება არც მეტი და არც ნაკლები - ტოქსიკური გახლდათ და მას ოსტატები დიდი რაოდენობით შეისუნთქავდნენ. დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ მათი თავგანწირული საქმიანობა მძიმე შედეგითაც მთავრდებოდა და ოსტატები თავიანთ უმშვენიერეს ნაკეთობებს ეწირებოდნენ. წყარო - სპუტნიკ საქართველო

სტატიის ავტორი:
ნია ნანავა
2020-02-26

სრულად ნახვა
 
ქართველი ქალი - სამკაულის მოდის ფუძემდებელი
- არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ცივილიზაცია ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა ბევრ სხვა, დღეს უძლიერეს სახელმწიფოს ჩანასახის ფორმაც კი არ გააჩნდა. თუმცა ეს ამბავი ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ქალებს ეხება, უფრო სწორად კი, მათ სამკაულს. მეოცე საუკუნე საქართველოსთვის არქეოლოგიური აღმოჩენების ერად იქცა, როცა საქართველოს სოფლებში ლამის ყოველ წვიმასა და ნიაღვარს თან მოჰქონდა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები "ეჭვმიტანილ" ადგილებში და შედეგად, 1930- იანი წლების ბოლოდან დაწყებული საქართველოს ტერიტორიაზე უმდიდრეს სამარხებს მიაკვლიეს. "ოქრომრავალი კოლხეთი", "ოქროს საწმისის სამშობლო" - ასეთი ეპიტეთებით ამკობდნენ ბერძნები ოქროთი მდიდარ კოლხეთს უკვე ძვ.წ. მეხუთე - მეექვსე საუკუნეებში "კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით, გვიხსნის იასონის ლაშქრობის საბაბს" - წერდა სტრაბონი თავის გეოგრაფიაში. თუმცა კოლხთა სამეფომდე დიდი ხნით ადრე ქართველი ტომების საოქრომჭედლო ტრადიციებზე ყორღანული სამარხები გვიამბობენ ძვ. წ. მე-2 - მე-3 ათასწლეულებიდან. იქ აღმოჩენილი სამკაულები საოქრომჭედლო ხელოვნების ნამდვილ შედევრებს წარმოადგენს. მოდით, წარმოვიდგონოთ წარჩინებული კოლხი ქალი მთელი თავისი კაზმულობით: დიადემა, სასაფეთქლე, გულსაკიდი, სამკლაური, სამაჯური, ბეჭედი, სარტყელი, და ამას დავუმატოთ ოქროს პატარა ფირფიტებით მორთული სამოსი და თავსაბურავი. არც ისე მარტივი სატარებელი იქნებოდა წარჩინებული ქალისათვის ამ რაოდენობის ოქროს ნივთები. ... მერედა რა სამკაული! - ერთ რამედ ღირს ცვარასა და ფილიგრანის ტექნიკით შესრულებული გულსაკიდის ხილვა კუს გამოსახულებებით. ერთნაირი ზომის ოცდაათი პატარა და ერთი დიდი, ცენტრალური კუს საკიდი შემკულია ცვარათი შედგენილი სამკუთხედებით, თვალები კი ინკრუსტრირებულია თეთრი პასტით. საკიდებზე გამოსახულია ხმელეთის კუ, რომელიც კოლხეთში იყო გავრცელებული. კუს ყელსაბამი კლასიკური ეპოქის ოქრომჭედლობის ერთ-ერთ სწორუპოვარ შედევრად არის აღიარებული. წყარო - სპუტნიკ საქართველო.

სტატიის ავტორი:
ნია ნანავა
2020-02-16

სრულად ნახვა
 
ერთი სამკაულის ისტორია
#ერთისამკაულისისტორია ✍ დაახლოებით 17 საუკუნის წინ ამ საყურეებსა და ბეჭედს კოლხი ქალი ირგებდა. მისი სახელი არ ვიცით,  არც იმ ოქრომჭედლის ვინაობა ვიცით, რომელმაც ეს სამკაულები დაამზადა, მაგრამ ვიცით, რომ ქალი კოლხი იყო. მისი სახლი კი იმ ადგილებში მდებარეობდა, რომელსაც ახლა ფიჭვნარს ვუწოდებთ და ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პოლიტიკაზე საუბრისას ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, რა იყო მთავარი თემა: ამ პერიოდში ლაზეთის სამეფო ძლიერდებოდა, ჯერ ისევ ახალი რელიგია, ქრისტიანობა ვრცელდებოდა და ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია თანდათან იკრებდა ძალებს.    არქეოლოგი თამარ ფარტენაძე გვიყვება,  რომ ფიჭვნარში არქეოლოგები სამარხებში ძირითადად იმ ნივთებს პოულობენ, რაც გარდაცვლილს ჩაატანეს ოჯახის წევრებმა „იმ ქვეყანაში“ წასაღებად. ფიჭვნარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო სამარხში სხვა არაფერი რჩება, თუმცა ასეთ სამარხებსაც შეუძლიათ ამბების მოყოლა. არქეოლოგებს მათი ესმით. „ბეჭედი მცირე ზომისაა, შეიძლება ახალგაზრდა ქალი იყო, ან გოგონა. რადგან ოქრო ჩაატანეს სიკვდილის შემდეგ, მის სოციალურ სტატუსზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, შესაძლოა დიდგვაროვანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური სტატუსი უფრო მაღალი იყო, რადგან ამ პერიოდის სხვა სამარხებში ოქრო არ გვხვდება. მის გემოვნებაზეც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, სამკაულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონია, საყურე მინის თვლებითაა შემკული, ბეჭედი კი ძალიან კარგი ნამუშევარია, ნებისმიერი ქალი არც ახლა არ იტყვის უარს ამ სამკაულებზე, ოქროს ფონდში შემოსული ბევრი დამთვალიერებელი აქცევს ამ სამკაულებს ყურადღებას“,  –   კოლხი ქალის  საყურეებსა და ბეჭედს ანალოგიც მოეპოვება, მსგავსი სამკაულები არქეოლოგებმა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, ურბნისის ნაქალაქარში და ქართლის პიტიახშების რეზიდენციად ცნობილ არმაზისხევში იპოვეს და კიდევ უფრო შორს, უნგრეთში. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? შეუძლებელია ზუსტი ასლები იყოს, რადგან ამ პერიოდში დამზადებული თითოეული ნივთი უნიკალურია, ოქრომჭედლები მათ ხელით, სათითაოდ ამზადებდნენ. თუმცა ეს მსგავსება იმაზე მიუთითებს, თუ რა ტენდენციები იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რა იყო „მოდაში“ მაშინ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოდა არქეოლოგებს იმის დადგენაში ეხმარება, რომელ საუკუნეში იყო დამზადებული ესა თუ ის ნივთი თუ სამკაული, რადგან ყველა მათგანი ატარებს ინფორმაციას, იმ საუკუნის ნიშნებს, რა დროსაც ის დაამზადეს. წყარო: "ბათუმელები" , "ნეტგაზეთი".   

სტატიის ავტორი:
ნია ნანავა
2020-02-16

სრულად ნახვა